20-21 ივნისის საპროტესტო დემონსტრაციებისა და მისი თანმდევი მოვლენების შესახებ მომზადებული კრიტიკული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომლის დასკვნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებით, წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ძალადობრივი მმართველობის სტილს აგრძელებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2007 წლის 7 ნოემბერთან და 2011 წლის 26 მაისთან ერთად, გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ძალადობის აღმნიშვნელი ახალი თარიღი - 20-21 ივნისი. სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემდგომი პრევენციისთვის აუცილებელია, განვითარებული მოვლენების სწორი და ზუსტი შეფასება, ასევე - დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა ანგარიში, რომელიც მოიცავს 20 ივნისამდე მოვლენების, აქციის მიმდინარეობისა და დარბევის, ასევე - შემდგომი პროცესის მიმოხილვას და სამართლებრივ ანალიზს“ - უთხრა „ლიბერალს“ ალეკო ცქიტიშვილმა.
მისი განცხადებით, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეფიციტზე: როდესაც აქციის დარბევაზე პასუხისმგებელი ძალოვანი მინისტრი არათუ დარჩა თანამდებობებზე, არამედ დაწინაურდა და ამჟამად მთავრობის პირველი პირი - პრემიერ-მინისტრია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები და მისი სამართლებრივი შეფასება, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, მომიტინგეთა დაკავებები და სასამართლო პროცედურები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპონტანურად დაწყებული აქცია იყო მშვიდობიანი, რომელმაც, ცალკეული პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებების შემდეგ, აშკარად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. „ცოცხალ ჯაჭვში“ გამაგრებული პოლიციის ქვედანაყოფები თავდაცვით რეჟიმში ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დაცვას, რასაც თან სდევდა სამართალდამცველებისა და აქციის მონაწილეთა ფიზიკური დაზიანებები, ასევე - პოლიციელების განიარაღების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა ძალადობრივი ფაქტები.
ცენტრის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად აქციის ერთი ნაწილის არამშვიდობიანი ქმედებებისა, რამაც ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნა, თავად გამოყენებული სპეციალური ღონისძიების არაპროპორციულობა აჩენს ეჭვს, რომ რეაქცია მოხდა არა საზოგადოებრივი მშვიდობის დაცვის, არამედ ოპოზიციისა და მომიტინგეების დასჯის მიზნით.
ოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლა სხვადასხვა სპეციალური საშუალებით ხდებოდა, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80-მდე პოლიციელი. რეზინის ტყვიებით დარბევის შედეგად, სამმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ხოლო 38 ჟურნალისტმა სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღო.
ცენტრის შეფასებით, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებები, არადიფერენცირებულად, იმ დემონსტრანტების მიმართაც იქნა გამოყენებული, რომელთაგანაც ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა. განსაკუთრებული პრობლემა იყო რეზინის ტყვიების გამოყენება მოკლე დისტანციიდან, სახისა და თავის არეში დამიზნებით, რამაც დემონსტრაციის არაერთი მონაწილის ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია.
არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას იწვევს აქციის დაშლის შემდეგ, დემონსტრანტთა დაკავების პროცედურები, რომელიც მათი შეფასებით გამოირჩეოდა ძალადობრივი, მასობრივი და არაინდივიდუალური ხასიათით.
შსს-ს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სამინისტროს 11 თანამშრომელს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გამოყენებით გადამეტების ბრალდება წარედგინა 3 სამართალდამცველს. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ შსს-ს რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე საკმარისი არ არის და გამოძიებაზე პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ.
ალეკო ცქიტიშვილი მთავარ პრობლემად ასახელებს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლიან და მიკერძოებულ მიდგომას და საამისოდ სტატისტიკას იმოწმებს: „დღეისათვის გვყავს 60-ზე მეტი დაზარალებული პოლიციელი და 5 დაზარალებული დემონსტრანტი. ასევე - პასუხისგებაში მიცემულია ათობით დემონსტრანტი, მაშინ, როცა სამართალდამრღვევ და დამნაშავე სამართალდამცავებს კანონის წინაშე პასუხი არ უგიათ. ეს დისბალანსი, რასაც გვიჩვენებს სტატისტიკა მოვლენებიდან 4 თვის თავზე, უდავოდ იწვევს დიდ შეშფოთებას და გვიჩვენებს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს სერიოზული პრობლემები“.
ცენტრის ხელმძღვანელი პროკურატურას აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეებს ადეკვატური კვალიფიკაციით გამოძიებასაც სთხოვს. „ყველა შემთხვევაში, სადაც დაზარალებულებს ჟურნალისტები წარმოადგენენ, გამოძიების მხრიდან ყურადღება გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაზე. ზოგადად, შემაშფოთებელია, რომ აქციის დაშლისას რეზინის ტყვიებით და სხვა სპეციალური საშუალებებით სხვადასხვა სიმძიმით დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი, (რაც ოფიციალურად არის ცნობილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაცემებით). ამას ემატება ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც არ მიუმართავთ, არც სამედიცინო კლინიკებისთვის და არც სამართალდამცველი ორგანოებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“ - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.