შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის ბრალდებებს ჟურნალისტებთან პირველად პასუხობს. მინისტრი ამბობს, რომ ის პატრიარქს უდიდეს პატივს სცემს და მისთვის საერთოდ წარმოუდგენელია მისი გადაყენების საკითხი ვინმემ განიხილოს.
გომელაური ამბობს, რომ პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში არანაირი შეხვედრა არ შემდგარა. ის მსგავს შეხვედრაზე არასდროს ყოფილა. ხოლო რაც შეეხება მეუფის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას, მინისტრი ამბობს, რომ ეს გენერალური პროკურორის გადასაწყვეტია და მის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.
„უდიდეს პატივს ვცემ უწმინდეს, საერთოდ ვერ წარმომიდგენია ეს თემა ვინმემ განიხილოს. არ შემდგარა არანაირი შეხვედრა, მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. გამოძიება პროკურორმა უნდა დაიწყოს. თადუმაძემ ამაზე განცხადება გააკეთა.
არ ვიცი რატომ ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა იყო, მეუფე იაკობს ჰკითხეთ. შვილებს გეფიცებით მართლა არ ვიცი რატომ მასახელებს. თუ რამე დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა, პროკურორის გადასაწყვეტია დაიწყებს თუ არა გამოძიებას, მე რა შუაში ვარ?“ -აცხადებს გომელაური.
ჟურნალისტების კითხვაზე რა კომუნიკაცია აქვს მეუფე იაკობთან და მას იცნობს თუ არა პირადად გომელაური პასუხობს:
„მეუფეს ძალიან კარგად ვიცნობ და არა მარტო მას, სხვა ბევრ სასულიერო პირს. ტრაპეზეც ვყოფილვართ ერთად და სხვადასხვა დღესასწაულებზე. მე მაბრალებს და გამოძიებას მე ხომ ვერ დავიწყებ?,“-განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა. შეხვედრაზე მას ვახტან გომელაური და გიორგი გახარია დახვდა. მეუფე ამტკიცებს, რომ სამივე მინისტრი მას პატრიაქრის გადადგომაზე „ეჩალიჩებოდნენ“.