
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა კიდევ უფრო იზრდება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. როგორც მერი ამბობს, 29 ოქტომბერს პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
„ჯარიმის გაზრდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას უკავშირდება. პარლამენტმა კანონპროექტი მერიის თხოვნით მიიღო. შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც. თუ აქამდე ჯარიმის ოქმი მოქალაქეს ფოსტით ეგზავნებოდა, ახლა თუ ეს ვერ მოხერხდა, ოქმი სპეციალურ ვებგვერდზე, tp.ge-ზე გამოქვეყნდება და ამის შესახებ სმს-ითაც შეიტყობენ. თუ დაჯარიმებული მოქალაქე 10 დღის განმავლობაში ვებგვერდზე შევა და ჯარიმას გადაიხდის 20-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს“,-ამბობს კალაძე.