გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ყოფილი თანამშრომლის, პროკურორ სალომე ადეიშვილის თანამდებობიდან წასვლის სკანდალურ მიზეზებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს და პასუხებს სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ ელის. იგი არ გამორიცხავს, პროცესის დასრულების შემდეგ კონკრეტულ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საგამოძიებო უწყებასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გასულა თავად სალომე ადეიშვილი.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება და კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, აცხადებს შალვა თადუმაძე.
ვინაიდან სალომე ადეიშვილის განცხადებაში აღწერილი ამბები მოიცავს 4-5 წელს, გენერალური პროკურორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გარკვეული ინფორმაციის გადასამოწმებლად მეტ კონკრეტიკას და იმედოვნებს, რომ ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან.
როგორც "ლიბერალს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, მათი მცდელობის მიუხედავად სალომე ადეიშვილთან ამ დრომდე კავშირი ვერ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე პროკურატურის ორგანოების დატოვების შემდეგ იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ფეისბუკზე აღარ იძებნება მისი პერსონალური გვერდი და შესაბამისად არც მისი სკანდალური პოსტი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა 22 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თანამდებობის დატოვების მიზეზად პროკურატურის სისტემაში ნეპოტიზმის, შრომითი უფლებების დარღვევის, სექსუალური შევიწროების ფაქტებს და ზოგადად არაჯანსაღ გარემოს ასახელებდა.
სალომე ადეიშვილის განცხადებაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება მეორე დღესვე დაიწყო.
ამ საკითხს გამოეხმაურა გიორგი გახარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.