Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექტემბრამდე არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული -შსს

30 ოქტომბერი, 2019 16:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს და ამ მიმართულებით ბრძოლის გასაძლიერებლად ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა აღნიშნა მიმდინარე წლის სექტემბრამდე არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული. 

მისი განცხადებით, ამ მიმართულებით სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა; ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში" განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.

ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

დანაუშაულის ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი - 53%

• დაზარალებული ბავშვი - 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%

• მანდატურის სამსახური - 6%

• სკოლა - 4%

• მეზობელი - 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%

• სხვა - 18%

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იმ პირებს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^