Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეწყალების რა მოდელს ამუშავებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

31 ოქტომბერი, 2019 14:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში ,,შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. 

,,აღნიშნულ საკითხზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო აქტი და მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის გავრცელებას პოლიციელთა სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულთა, ასევე ძებნილ პირთა მიმართ.  

იუსტიციის მინისტრის აზრით, რეფორმის ამომავალი წერტილი, პატიმრისთვის შეწყალების უფლების რეალიზებასთან ერთად, ახალი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვის უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ლიბერალი“ შეეცადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაერკვია, რა კონკრეტული სიახლეებია პროექტში და ხომ არ გულისხმობდა იგი სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამეტში გამოსვლისას დაანონსებულ შეწყალების  კონცეფციის ვარიანტს, რომელიც შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლას გულისხმობდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ გვესაუბრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიმდინარე წლის მარტში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიურ პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლებდა. იუსტიციის უწყების გარდა კომისიის მუშაობაში დამატებით ჩართულნი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც. ზურაბიშვილმა გამოსვლისას თავისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა 34 მსჯავრდებული, მათ შორის პოლიციელის მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები და ძებნილი, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამ რეაქციის საპასუხოდ პრეზიდენტმა 18 სექტემბერს შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც დღემდე ძალაშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^