დღეიდან სამართალდამცავებისა და სახელმწიფო მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაატარებს.
წლების განმავლობაში, სახალხო დამცველი, ასევე ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების სისტემური ხასიათის პრობლემაზე მიუთითებდნენ. ისინი მიუთითებდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობაზეც, რომელიც სამართალდამცავებისა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებდა.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, გამოძიების განსაკუთრებული უფლებამოსილება უწყებას 2018 წლის ივლისში მიღებული - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიენიჭა.
თავდაპირველად კანონის ამოქმედების თარიღად 2019 წლის 1 იანვარი ჩაიწერა, თუმცა, შემდეგ მისი ამოქმედება ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო ჯერ 1 ივლისამდე, შემდეგ კი 1 ნოემბრამდე გადავადდა.
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას, განცხადებით, სამსახური საგამოძიებო ფუნქციის განსახორციელებლად ამჯერად უკვე მზადაა. საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი იქნება დასაქმებული. სამსახურში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (ნომერი - 199), რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებით და აღჭურვილია გამოძიების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკითა და ინსტრუმენტებით“, განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
დღეს ამოქმედებული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ქვემდებარეობის მიხედვით გამოიძიებს შემდეგ დანაშაულებებს: წამება და წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ან გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება; აგრეთვე სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, პენიტენციურ დაწესებულებაში ან სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეა, რომელიც 2013 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს ახორციელებს.