გენერალურმა პროკურატურამ უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს გია უდესიანისა და მისი თანამზრახველის ზაზა გუგავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, 2009 წლის 9 ნოემბერს, გია უდესიანის ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარ ეერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში. მძევალს ადგილზე დახვდნენ გია უდესიანი და ზაზა გუგავა, რომლებიც ფიზიკური შეურაცხყოფით, იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.
ბრალდების მიხედვით, უდესიანი ძალადობის დროს უმტკიცებდა ლიპარტელიანს, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი.
ძალადობის შედეგად, ლიპარტელიანმა შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30 პროცენტიანი წილი, ნომინალური ღირებულებით 10 280 ლარი და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქემ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გია უდესიანი აქამდე კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა.