ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა დედამისის გარდაცვალების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.
სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ უკვე დარეგისტრირდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში, განათლების სამინისტროს გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგადაც იგი გარდაიცვალა.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ინსპექტირება სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე ჩატარდა, თუმცა ბაჩანა შენგელია, ყოველივეს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, რაც, საბოლოოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა 2019 წლის აგვისტოში „დანაშაულის არარსებობის გამო“ გამოძიება შეწყდა.
ბაჩანა შენგელია სიმართლის დადგენას სტრასბურგში ელის:
"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.
ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას“ - წერს ფეისბუკზე ბაჩანა შენგელია.