
„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის გეგმებზე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ბრეგაძემ განაცხადა, ისინი კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ფილმის გაშვების საშუალებას არ მისცემენ. „ქართული მარში" მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება.
„16:00 საათზე დაიწყება „ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად.
ადმინისტრაციას ამ კინოს გაშვების საშუალებას არ მივცემთ. უბრალოდ შენობაში არ შევუშვებთ. ჩვენ დავდგებით და კი ბატონო, მოვიდნენ და გადაგვიარონ...არ არის გამორიცხული, რომ „გადაცმულმა ადამიანებმა" შესაძლოა, პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ სირცხვილის კორიდორს კინოთეატრის მიმდებარედ გავაკეთებთ. ამ კორიდორში გავლა ფილმის შექმნელებს და მის მესვეურებს მოუწევთ. ძირითადი მობილიზება კინოთეატრ „ამირანთანაა", მცირე ჯგუფები განთავსდებიან ყველა კინოთეატრთან," - აღნიშნა ბრეგაძემ.
„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ისინი „გეი პროპაგანდის წინააღმდეგები გამოდიან და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ“.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის -„და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.