შსს კინოთეატრებთან დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველას კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.
„სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას , მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.