„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. გოცირიძე ამბობს, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა დამთავრდა და შალვა თადუმაძის კურსელები კიდევ არ გამოჩენილან, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.
„თუ დიპლომი არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
„გამოვაცხადე, ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, სახინკლეში ვეპატიჟებოდი. დღეს დამთავრდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა და 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, რომ გადავწყვიტე ეს ხალხი ხინკალზე დამეპატიჟებინა ", - განაცხადა გოცირიძემ.