შსს შეისწავლის შეიცავს თუ არა ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" პორნოგრაფიის ნიშნებს. განცხადება ამის შესახებ გააკეთა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ცაციაშვილმა.
ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა. ლორთქიფანიძე მოითხოვს, ფილმის ჩვენება გადაიდოს მანამ, სანამ ფილმში პორნოგრაფიული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის -„და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
ამ წუთებში კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.