ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს განჩინებით, ბრალდების საქმეში მონაწილე დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოს თანხა შემდეგნაირად განესაზღვრათ: რაინდი შეროზია - 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი - 15 000 ლარი.
ირაკლი კაკულია წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისმა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასამართლოს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისთვის თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს თანხა 200 000 ლარი შესთავაზა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ გარკვეული ფრთის ინტერესებს, რომლის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
„ირაკლი კაკულია არის ამ ჯგუფის მსხვერპლი. მე კიდევ ერთხელ მივცემ შანსს ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ირაკლი არ აპირებს არავისთან დაპირისპირებას. უბრალოდ, მოვუწოდებ მათ, რომ ეს თამაში შეწყვიტონ, რაც წამოიწყეს წინასაარჩევნოდ“ - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.