შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები არსებობის გამო, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს - დიმიტრი ლორთქიფანიძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე უარი განუცხადა.
როგორც „ლიბერალს“ შსს-დან აცნობეს, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კინოთეატრებში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გადადებას მოითხოვდა იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება. მისი განცხადებით ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.