თამთა თოდაძე აბსურდს უწოდებს ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, თითქოს შევიწროების საბაბით უცხო ქვეყნის თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. მისი განცხადებით, უახლოესი გეგმები საკუთარ ქვეყანაში სიმართლის დამტკიცებას უკავშირდება და არც არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვებაზე.
სექსუალურ შევიწროების ფაქტზე დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს აღნიშნული განმარტების გაკეთება, ამავე საქმეზე ბრალდებულად ცნობილ თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველის განცხადების საპასუხოდ მოუწია. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მას გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაზარალებული დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საზღვარგარეთ და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, თითქოს მას დევნიან, მასზე იძალადეს და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. „ესეც არ გამოუვათ, ადამიანებს უნდა დავანახო ყველაფერი და დავამტკიცო, გავშიფრო სცენარი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება, პროცესები 2 დეკემბრიდან განახლდება", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ადვოკატმა.
თამთა თოდაძე რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს „ლიბერალს“დაუდასტურა დაზარალებულის ინტერესების დამცველმა თამარ ლუკავამაც. ადვოკატის განცხადებით, მათი მხარე სასამართლო პროცესზე წარმატებისთვის ემზადება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მისი ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობისთვის პროკურატურამ ბრალდებულად ცნო. სასამართლომ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაოს გადახდასთან ერთად, აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.
10 ნოემბერს ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე გადის.