სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელეს 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება.
„გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვევლი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს", - აღნიშნულია გაცხადებაში.
ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.