ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალებს მეხუთე დღეა ტყვეობაში ჰყავთ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებს ჰყავთ დაკავებული. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.
„რეგ-ინფოს“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა საოკუპაციო ძალებს 9 და 11 ნოემბერს ახმაჯთან და ორჭოსანთან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჰყავდა დაკავებული. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი თანხით დააჯარიმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.