თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება. კალაძის თქმით, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდებოდა.
„არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდეს. თუმცა არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, თუმცა ეს ცხელ გულზე გაკეთებული გადაწყვეტილება მგონია.
არ ვიცი უკან დაბრუნდებიან თუ არა, მაგრამ შეხვედრები და საუბარი იქნება. პირდაპირ ვიტყვი, მეც ამ გადაწყვეტიელბას არ მოველოდი. საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. ველოდი, რომ ქვეყანა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებობდა ადამიანების ჯგუფი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.
სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა და ახლა არ მინდა მათი ვინაობის დასახელება. თუმცა საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. აბსტრაქტულია ახლა იმაზე საუბარი, რომ მოსახლეობა ითხოვს, რადგანაც დარწმუნებული ვარ მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის რა განსხვავება ამ საარჩევნო სისტემებს შორის. იმის მიუხედავად, რომ მე ვარ მხარდამჭერი, ეს პროცესი დემოკრატიულია“,-აცხადებს კალაძე.