ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. ამის შესახებ მათ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს მათი ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით არის განპირობებული.
„ასე მოულოდნელად და აუხსნელად ჩემი კოლეგების მხრიდან ამ სისტემაზე უარის თქმა გაუგებარია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც. მე გამიჭირდება, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნა, რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვერ შევძელით ის მიგვეყვანა ბოლომდე, რისი ინიციატორიც ჩვენ თვითონ ვიყავით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. ეს გადაწყვეტილება მიაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა ვინც უარი თქვა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა.
არასდროს არ წავსულვართ და არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ რბილი სიტყვა შევარჩიო, თორემ ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება", - განაცხადა ძიძგურმა.
ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიას და ნინო გოგუაძის გარდა, „კონსერვატორები" წევრები არინ მუხრან ვახტანგაძე, რულან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე. ამ დროისთვის უცნობია ისინიც დატოვებენ თუ არა უმრავლესობას.