უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, იმედგაცრუება მხოლოდ მას და მის კოლეგებს არა აქვთ, იმედგაცრუება ბევრად უფრო ფართოდ არის მოდებული. ჩუგოშვილი აბობს, რომ მას ძალიან გაუჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის აეხსნა, რატომ მოხდა დაპირებული კანონპროექტის ჩავარდნა თავად მმართველი გუნდის მიერ.
„მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი იყო, რომ სხვადასხვა დედაქალაქებში ჩვენი პარტნიორებისთვის ამეხსნა და დამერწმუნებინა, რომ ჩვენ ამ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით.
თავად მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ეს მაღალი მოლოდინი შევქმენი, რადგანაც პარტიამ ამაზე მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენს პარტნიორებს ვუქმნიდი მოლოდინს, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად განხორციელდებოდა. ამიტომაც ძალიან გამიჭირდებოდა ახლა იმის ახსნა, თუ კანონპროექტი რატომ ჩავარდა. არ მიკვირს, რომ მათი მხრიდან ასეთი მწვავე განცხადებები კეთდება. გუშინდელ კენჭისყრაზე ძალიან დიდი მოლოდინი იყო და შესაბამისად იმედგაცრუებაც დიდია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი ტოვებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თანამდებობას და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობასაც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩუგოშვილის თქმით, ამისთვის დამატებითი კონსულტაციები და დრო სჭირდება. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.