პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თალაკვაძის თქმით , ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე მივა.
„ოცნების“ ინიციატივა იყო, რომ ქვეყანა 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ასევე, მმართველი გუნდის სურვილი იყო, რომ 2020 წელსაც ამ საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო. სამწუხაროდ ვნახეთ, რომ მხარი „ოცნების“ დეპუტატებმა არ დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ ჩვენმა ოპონენტებმა შექმნილი სიტუაცია, ეს პარლამენტმა მაინც მიიღო და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
ეს ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ეს ოპონენტებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ. რჩება ის სისტემა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო. არჩევნებს მოდელი ვერ იგებს, მას ხალხის ნდობა იგებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. ჩვენ კონსულტაციებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმართავ.
ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, არ იქნება არანაირი კრიზისი. „ქართულ ოცნებას“ დაშლის საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება. ოპოზიციას მოვუწოდებთ ხელოვნურად აჟიოტაჟს თავი დაანებონ და არჩევნებისთვის მოემზადონ. 2020 წელს ჩატარდება არჩევნები და ყველას ნება გამოხატული იქნება", - განაცხადა თალაკვაძემ
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხვალ 11 საათზე პარტიის ოფისში „ოცნების“ შეხვედრა გაიმართება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.