მაჟორიტარ დეპუტატ - ნინო წილოსანს, რომელიც გურიაში მოსახლეობასთან შესახვედრად იმ მიზეზების ასახსნელად ჩავიდა, რის გამოც არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ლანჩხუთში ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდა.
„შენ მოგვატყუე, არ შეგრცხვა გურულების?“ რიტორიკულად ეკითხებოდნენ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნით უკმაყოფილო მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატს. „თუ გგონია დაგვარწმუნებთ იმაში რომ ეს თქვენი გადაწყვეტილებით მოხდა, ჩვენ ბავშვები არ ვართ, გამორიცხულია თქვენ ეს პიჯაკი მაინც ჩაიცვათ ივანიშვილის გარეშე… აბსოლუტურად დამოკიდებულები ხართ მასზე. ნუ გვიხსნით, იმიტომ, რომ ჩვენ მაგას არ შევჭამთ!“ - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას.
შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი გადაწყვეტილების გამო არც რცხვენია და არც უკან იხევს. „პასუხისმგებელი ვარ ყველა გადაწყვეტილებაზე რასაც ვიღებ და ამ პასუხისმგებლობას დავაკონვერტირებ ადამიანებისა და მოსახლეობის ნდობაში“ - განაცხადა დეპუტატმა.
საპროტესტო აქციის ვიდეოს ადგილობრივი მედია “გურია თუდეი“ აქვეყნებს.