პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც პრემიერმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაშია 2024 წლიდან.
„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირების შესრულება კონსტიტუციაში გვიდევს. საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში 2024 წლიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო შეკითხვები, ძირითადად ეს შეკითხვები ჰქონდათ მაჟორიტარებს, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და მიზეზი.
ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - ეს არის მთავარი დოკუმენტი, გარდა ამისა, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე იმსჯელებს ბიუჯეტზე“, - განაცხადა პრემიერმა.