სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას შეფასებით პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი ქმედება, თუმცა ამ უკანონობაზე არა აქციის ორგანიზატორები, არამედ ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას არ დაუჭირეს მხარი. როგორც ომბუდსმენი აცხადებს პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის.
„უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დავუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.
პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“ - წერს ფეისბუკზე ნინო ლომჯარია.