პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული".
შსს დაკავებულთა ვინაობას არ აკონკრეტებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასალია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი და საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე.