პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომლითაც ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა.
როგორც თალაკვაძემ არნიშნა, მას სურს სამახსოვროდ გადასცეს ოპოზიციას ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ.
„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია.
ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ.
ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის გარშემო შეკრებილი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 პირი დააკავეს. „აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული".