თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესები განრიგის შესაბამისად რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. 13:00 საათზე დაიწყო სამოქალაქო აქტივისტების, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საკითხის განხილვა.
დღესვე ჩატარდება სხვა დაკავებულების, მათ შორის „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, სულ 36 ადამიანი გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებას. პოლიციამ სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა.