ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას" 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.
ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.
გაერთიანებული ოპოზიცია კი ხელისუფლებას ე.წ. „გერმანულ მოდელზე" გადასვლას სთავაზობს და პლებისციტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს, დროში გაწელილი პროცესია.
ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. ამ მოდელის შესახებ განმარტება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, ახალი მოდელი ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება, თუმცა, მორგებულია ქართულ რეალობას, ითვალისწინებს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.
„თუ პლებისციტს შემოგვთავაზებენ ეს კიდევ ერთი სატყუარა იქნება და ამ საკენკს არავინ აკენკავს. ხელისუფლებისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და ეფუძნება გერმანულ მოდელს. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში და მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 76 ხმა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის გამოსავალი და გზა იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს კრიზისი. შევქმენით მოდელი და „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კუთხით, მანიპულაციის შანსი არ ექნება" - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ბოლო სამი დღე ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას. თუმცა „გერმანულ მოდელს“, ეფუძნება და იმ რეალობას ითვალისწინებს, რაც საქართველოშია შექმნილი.
„ახალი რამ, რაც ჩნდება, არის ის, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იქნება და ეს მნიშვნელოვან გამოსავალს იძლევა, რომ 35 ან 25%-იანმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და ეს მიიღოს ვინმემ მხოლოდ მაშინ, თუ მას მხარს უჭერს 50%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით იგივე სულისკვეთებაა, რაც არის პროპორციული არჩევნების პირობებში“- განაცხადა ვაშაძემ.