სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა 22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან თანამოაზრეების დაკავების ფაქტი აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად დადგმულ გალიაში სათამაშო ზებრა ჩასვეს და კონსტრუქციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოები მიაკრეს. „ყველა ზებრა ბიძინასი არ არის“, - სკანდირებდნენ მოძრაობა „გაბედეს“ წევრები.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეებმა სუსის შენობის შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის შემდეგაც ვაჟა - ფშაველას გადასაკეტად გაემართნენ, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების, შემდეგ კი დაკავების მიზეზი გახდა.