აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე გოგა კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებები მიიღეს არხის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების განვითარების ექსპერტმა მარინა ვაშაყმაძემ.
მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მაუწყებლის ახალ დირექტორს უკვე მიმართა.
„2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება“, - წერს განცხადებაში ზვიად ქორიძე.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კონსულტანტის თანამდებობაზე 2019 წლის იანვრიდან საქმიანობს. იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე აჭარის მაუწყებელს გუნდს 2018 წლის 21 მარტს შემოუერთდა. იგი უშუალოდ იყო ჩართული ახალი ვებგვერდის კონცეფციის შექმნასა და ამ პროექტის განხორციელებაში.
„ის მუშაობდა ახალი ამბების, ანალიტიკური თუ გასართობი გადაცემების განახლებაზე. მისი ინიციატივით გაკეთდა ახალი სოციალური პროექტი - "ათვლის კუთხე". მუშაობდა მაუწყებლის ყველა რგოლთან, ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის ატარებდა შიდა ტრენინგებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში და წარმოადგენდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - აცხადებენ ტელევიზიაში.
22 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩიეს. მას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევენ.