
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდა თაობას პროგრესი ვერ ანახა და მათ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომაც კი არ ეთაკილებათ.
„ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან, რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგანან. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. ეს ბავშვები პატარები არიან, არც მოსწრებიან ამას, მაგრამ პროგრესსაც ვერ მოესწრნენ.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ავტოავარიასავითაა, ავტოავარიას რომ გაუვლი, თან არც გინდა რომ გახედო და თან ცნობისმოყვარეობა რომ გიბიძგებს, რამენაირად შეხედო. ისინი რეალურ ცვლილებებს ითხოვენ. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება, პროპორციული, ე.წ. გერმანული მოდელი თუ პაპუა-ახალი გვინეის, მაგრამ ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას, შრომის პირობებს, პენსიას, იმას ითხოვს, რომ მათი შვილები, დედები არ გარბოდნენ საზღვარგარეთ და ოჯახებს არ ტოვებდენ,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.