
26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლის დროს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული, მიიჩნევს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“. ორგანიზაცია არ ეთანხმება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ოპერაციაში მონაწილეთა პროფესიონალებად გამოცხადებას და მიიჩნევს, რომ მსგავსი კომპლიმენტები ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის ძალადობრივ დაშლა არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთის დაცვას:
„შეკრების დაშლის კანონიერების შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა სიკეთის დაცვას ცდილობდა შსს მშვიდობიანი შეკრების დაშლის გზით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მოწმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასაცავ სიკეთეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რის მისაღწევადაც, შსს-მ დააკავა 28 პირი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ, მათ შორის, თვითმხილველის ინფორმაციით, აქციის ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დასაცავ „სიკეთესა“ და აქციის მონაწილეებისთვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული დისბალანსი მოწმობს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ვერ აკმაყოფილებდა კანონის მიერ დადგენილ პროპორციულობის მოთხოვნას და, შესაბამისად, უკანონო იყო. ისევე, როგორც კანონით დასაცავ სიკეთედ ვერ ჩაითვლება პარლამენტის შესასვლელების აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისგან გაწმენდის აუცილებლობა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიუთითებს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება, ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“ აღნიშნავენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“