მსხვერპლით დასრულდა პანკისის ხეობის, სოფელ საკობიანოში ორ გვარს შორის კონფლიქტი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, ხოლო 3 დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკობიანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე უწყებიდან დანაშაულში ეჭვმიტანილების ვინაობის ან დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხასო ხანგოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, დანაშაული მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარებს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. „თითქოს შერიგება უნდა მომხდარიყო, შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები და ეს მოხდა. კონფლიქტი არც ისე დიდი ხანია რაც არსებობდა, თუმცა როგორც ვიცი, მიზეზი რაღაც უმნიშვნელო ამბავი იყო. მეტი არაფერი ვიცი“,- განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით კი გვარებს შორის კონფლიქტი პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას უკავშირდება. დაპირისპირებული მხარეები ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე და მომხრეები არიან.