2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში.“ - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში ჟურნალისტებს.
მისივე ინფორმაციით, უკვე გაჟღერებულია საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის 4 პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
„ეს არის ის ძირითადი 4 პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც როგორც თავმჯდომარე ქვეყანა ისე განვახორციელებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იცით თქვენ რომ ევროპის საბჭო მუდმივად განიხილავს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს, ის ჩვეულებრივად რჩება დღის წესრიგში და საქართველოს დელეგაცია თავის ეროვნულ წარმომადგენლობაში, ბუნებრივია აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხების წინ წამოწევას და მუდმივ აქტუალიზაციას ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველო საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს.