ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრის, მისვლას ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენითა და შეძახილებით „მონა“ შეხვდნენ.
თეა წულუკიანი შენობაში სწორედ პოლიციის დახმარებით, სპეციალური კორდონის გაკეთების შემდეგ შევიდა.
მსვლელობით დაწყებული საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას სახის არეში დაზიანება მიიღო.
პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციის წევრები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ისინი ტერიტორიას განარიდეს.
მოგვიანებით გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა.
„რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" წევრებს ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფროტს .