თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ გრიგორი კარასინმა. რუსმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება გუშინ, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ კულტურული ღონისძიება, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას ინციდენტების გარეშე ჩაივლის.
ასეთი ცენტრის გახსნის შესახებ ცნობას უარყოფს ზურაბ აბაშიძე.
„ჩვენი საუბრის დროს კარასინმა ახსენა მოკლე კომენტარით, რომ თბილისში არსებულ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, რუსეთი აპირებს რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ზურაბ აბაშიძემ.