თანამოაზრეების მცირე ჯგუფთან ერთად „ლიბერალი“ კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას როგორც შემეცნებით-საგამომცემლო პლატფორმა. შემოგთავაზებთ თემებს, წიგნებსა თუ იდეებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, და გვინდა, გავლენა ჰქონდეს ჩვენი აზროვნებისა თუ ცხოვრების წესზე.
ერთ-ერთი პირველი თემა, რითიც ვიწყებთ, ხელოვნური ინტელექტი და მისი განვითარების პერსპექტივებია. კარგა ხანს არ მინდოდა ამ თემებზე ფიქრიც კი, ვიმედოვნებდი, რომ ეს ჩვენ არანაირად არ შეგვეხებოდა; არადა, ფაქტია, რომ უკვე 21-ე საუკუნეში, თან ორიოდ ათწლეულში, პროგნოზების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი განვითარების ისეთ მასშტაბს მიაღწევს, რომ მთლიანად შეცვლის ადამიანურ მოცემულობებს, ადამიანის ბიოლოგიასაც კი. გარდა პრაქტიკული და სასარგებლო გამოყენებისა,
ხელოვნური ინტელექტის ექსპონენტურად სწრაფი განვითარება მოასწავებს რეალობას, როცა მოხდება ადამიანებისა და მანქანების სრული შერწყმა და ადამიანიც აღარ იქნება „მხოლოდ“ ბიოლოგიური არსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ჩამორჩება ხელოვნურ ინტელექტს და ვეღარ შეძლებს გადარჩენას, არათუ თავისივე შექმნილი ინტელექტის მართვას.
უტოპიურად გვეჩვენება, აპოკალიფსურ ფიქრებსაც აღძრავს, მაგრამ სჯობს, ვიცოდეთ, რას გვიქადიან ამ საუკუნის ყველაზე გავლენიანი მეცნიერები და ინოვატორები, რას გვპირდებიან კაცობრიობას.
„როლინგ სთოუნის“ 2009 წლის სტატიით გაგაცნობთ რეი კურზველს, გამომგონებელსა და ფუტურისტ მწერალს, 2012 წლიდან გუგლის „ინჟინერიის დირექტორს“, არაერთი მეცნიერული აღიარებისა და ჯილდოს მფლობელს, ხელოვნური ინტელექტის საყოველთაოდ აღიარებულ გურუს. რეი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მრჩეველიცაა და იმ სისტემის სამსახურშია ჩამდგარი, რომელსაც ბიოლოგიურ ვირუსებთან გამკლავება ევალება. მისი პროგნოზები სცდება ფანტასტიკის ჟანრსა თუ კონსპირაციის თეორიებს, თუმცა, 86-პროცენტიანი სიზუსტით მართლდება. ასე რომ, გაიცანით რეი კურზველი.
გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ უკვე მუშაობს კურზველის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნის - „კაცობრიობა 2.0: რას გვიქადის სინგულარობა?“ - თარგმნაზე. აქვე შევნიშნავ, რომ ეს წიგნის ქართული ვერსიის სათაურია (ინგლისურად: “The Singularity is Near: When Humans Transcend Biology”).
მთარგმნელი: გიორგი არონია
რედაქტორი: ელზა ნაბახტეველი