იუნესკოში განაცხადეს, რომ ლივერპულის შემდეგ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი შესაძლოა სტოუნჰენჯსაც ჩამოართვან.
მიზეზია ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც კომპლექსის გვერდით გაჰყავთ. უფრო ძვირადღირებული და უსაფრთხო ვარიანტის ნაცვლად, ხელისუფლებამ იოლად განსახორციელებელი პროექტი აარჩია, რითაც, იუნესკოს აზრით, სტოუნჰენჯს საფრთხე შეუქმნა.
რამდენიმე დღის წინ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ქალაქი ლივერპული ამოიღო, რომელიც ამ სიაში 2004 წელს მოხვდა, როგორც XVIII-XIX საუკუნეების ერთ-ერთი მთავარი პორტი მსოფლიოში, რომელმაც ბრიტანეთის იმპერიის ჩამოყალიბებასა და აყვავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ამ მნიშვნელობის ცხადი განსახიერებაა ლივერპულის სანაპირო, რომელიც ქალაქის მთავარი კომერციული რაიონების გასწვრივ გადის. ქალაქის ხელისუფლება მისი რეკონსტრუქციის, მოდერნიზებისა და ათვისების პროექტს ამზადებს, რაც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსთან შეუთავსებლად მიიჩნია. პროექტი 7 მილიარდი დოლარი ღირს.
კერძოდ, ქალაქი გეგმავს ელიტური საცხოვრებლის და რამდენიმე ცათამბჯენის აშენებას, რაც იუნესკოს აზრით სანაპიროს ისტორიულ იერსახეს მოსპობს. გარდა ამისა, იქვე აშენდება ახალი სტადიონი საფეხბურთო კლუბისათვის „ევერტონი“. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია თანამედროვე საქალაქო მუზეუმი და სავაჭრო კომპლექსი Liverpool ONE. სიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ჩინეთში იუნესკოს სამიტზე დახურული კენჭისყრით მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 13 დელეგატმა 5-ის წინააღმდეგ.
ლივერპულელმა პოლიტიკოსებმა იუნესკოს ჩამორჩენილი ორგანიზაცია უწოდეს, რომელსაც არ შეუძლია თანამედროვე ქალაქის განვითარების ტენდენციების შეფასება.
თუმცა, გერმანელი მკვლევრის, კრისტოფ ბრუმანის აზრით, რომელიც იუნესკოში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს სწავლობდა, ლივერპულის სიიდან ამოღება - ბრიტანული დიპლომატიისთვის მტკივნეული დარტყმაა. მან ორგანიზაციაში ქვეყნის ინტერესები ვერ დაიცვა. ჩინეთში კონფერენციას ესწრებოდა მხოლოდ ქვეყნის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და არავინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რაც, ბრუმანის აზრით, შესაძლოა აისახა კიდეც დელეგატების განწყობაზე და აფიქრებინა მათ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვედრა ძალიან საპატიოა, რადგან ობიექტს ისეთი ძეგლების გვერდით აყენებს, როგორებიცაა ეგვიპტის პირამიდები, თაჯ-მაჰალი და აკროპოლისი.
ლივერპულამდე მსგავს პროცედურას მსოფლიოში ორი ადგილი დაექვემდებარა: 2007 წელს არაბული ორიქსის ნაკრძალი ომანში (მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ობიექტის ტერიტორია 90%-ით შეამცირა) და ელბის ხეობა დრეზდენში (როდესაც ააშენეს ხიდი, რომელიც მას კვეთს).