ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად, საკონკურსო წიგნებს ხუთ წევრიანი ჟიური შეაფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.
წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ასევე წელს პირველად, მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად, ჟიურის ვინაობა საჯაროა და წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
- ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე;
- რეზო თაბუკაშვილი - მწერალი;
- ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი;
- ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი;
- იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი;
დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.
„ლიტერა“ კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიაა. ის 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა. სხვადასხვა წლებში ამ პრემიის გამარჯვებულები არიან: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.