30 ივლისს ბილი აილიშმა მეორე ალბომი გამოსცა - „Happier Than Ever“. კრიტიკოსების აზრით, მასში არ არის ისეთი დონის ჰიტი, როგორიცაა „bad guy“, მაგრამ ალბომი აუცილებლად მოეწონებათ არამხოლოდ მოზარდებს, არამედ მათ მშობლებსაც, რომლებიც კონსერვატიულ ბგერას არიან მიჩვეულები.
ალბომი ერთსაათიანია, მაგრამ არა გაჭიანურებული: აილიშის და მისი ძმის, პროდიუსერ ფინეას ოკონელის ტანდემი, შემოქმედებითი კრიზისის არანაირ ნიშანწყალს ავლენს და რაც მთავარია, ის მსმენელს სრულიად ახალ ბილის წარუდგენს.
2019 წელს ბილი აილიშის სადებიუტო ალბომმა პოპ მუსიკა ფაქტობრივად შეცვალა: მანამდე არასდროს ისმოდა დიდი ჰიტები ასე ჩუმად, ინტიმურად და იმავდროულად, პროვოკაციულად. „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“-მ ხელი შეუწყო ტენდენციის პოპულარიზებას ჩურჩულზე, როგორც მთავარ ვოკალურ ტექნიკაზე და აჩვენა, რომ გენიალური პოპ-ალბომის ჩაწერა საკუთარ საძინებელშიც შეიძლება - მთავარია, ამის შემდეგ ბგერა მსოფლიო კლასის პროფესიონალებმა დაამუშაონ.
ერთი სიმღერის „Ocean Eyes“ შემსრულებლიდან ის გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მოზარდად: საკუთარი ტანსაცმლის ხაზით H&M-ში, სავსე დარბაზებით კონცერტებზე, მილიარდიანი მოსმენებით სტრიმიგულ სერვისებზე და შემოსავლებით, რომელიც მას უზრუნველი ცხოვრების გარანტიას უქმნის.