ამერიკელმა მსახიობმა რიზ უიზერსპუნმა თავისი საპროდიუსერო კომპანია Hello Sunshine გაყიდა. ახალი მფლობელია გასართობი მედიასტარტაპი, რომელიც მსხვილი საინვესტიციო კომპანია Blackstone-ის მხარდაჭერით შეიქმნა. გარიგების პირობები საჯარო არ არის, მაგრამ The Wall Street Journal-ის წყაროს ცნობით, უიზერსპუნის მედიაბიზნესი დაახლოებით 900 მლნ დოლარად შეფასდა. აპრილში ჟურნალმა Time „Hello Sunshine“ 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიების სიაში შეიყვანა.
Blackstone-ის ახალ პროექტს ჯერ სახელწოდება არ აქვს. მისი მმართველები იქნებიან Disney-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერები კევინ მაიერი და რომ სტეგსი. თავად უიზერსპუნი და Hello Sunshine-ის აღმასრულებელი დირექტორი სარა ჰარდენი სტარტაპის დირექტორთა საბჭოს წევრები იქნებიან, ასევე შეინარჩუნებენ მნიშვნელოვან წილს ბიზნესში და განაგრძობენ საპროდიუსერო კამპანიის ყოველდღიური საქმიანობის კონტროლს.
Hello Sunshine-მა შექმნა ისეთი სერიალები, როგორებიცაა „დიდი, პატარა ტყუილი“ HBO-სთვის „პატარა კოცონები“ Hulu-სთვის და „დილის შოუ“ Apple TV+-სთვის. კომპანიის სხვა პროექტებს შორისაა - წიგნების კლუბი Reeseʼs Book Club, პოდკასტები ქალებისთვის და რამდენიმე საბავშვო გადაცემა სტრიმინგული სერვისებისათვის.
Hello Sunshine რიზ უიზესპუნის მიერ დაფუძნებული პირველი კომპანია არ არის. 2000 წელს მან თავისი პირველი სტუდია Type A Films გახსნა, რომელმაც რამდენიმე ფილმი გამოუშვა. 2012 წელს მისი მედიაბიზნესი გაერთიანდა ავსტრალიელი ბრუნა პაპანდრეას პროექტთან Make Movies. მათ ერთად შექმნეს რამდენიმე ფილმი, მათ შორის „Gone Girl“, ასევე სერიალის „დიდი პატარა ტყუილის“ პირველი სეზონი. ოთხი წლის შემდეგ უიზერსპუნმა და პაპანდრეამ თანამშრომლობა შეწყვიტეს, რის შემდეგაც მსახიობმა მეუღლესთან, ჯიმ ტოტთან და რამდენიმე ინვესტორთან ერთად დააფუძნა Hello Sunshine (Pacific Standard-ი კომპანია Hello Sunshine-ის შვილობილ კომპანიად დარჩა).