ივლისში ამერიკულ სტრიმინგულ სერვისზე Hulu გამოვიდა დოკუმენტური მინი-სერიალი „მაკარტნი 3,2,1“, რომელიც სრულად შედგება პოლ მაკარტნისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, რიკ რუბინის საუბრებისაგან - The Beatles-ის და ზოგადად მუსიკის შესახებ.
ფილმში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის მუსიკა დეტალურადაა გარჩეული. მაკარტნი და რუბინი დგანან ჩაბნელებულ სტუდიაში მიკშერის პულტთან და უსმენენ მულტიტრეკებს, რთავენ რა ხან ხმებს, ხან დასარტყამ ინსტრუმენტებს, ზოგჯერ - ბასს (პოლის მთავარ ინსტრუმენტს ჯგუფში).
მაკარტნი იხსენებს ბევრ ისტორიას, რომელიც კლასიკური ბიტლსური ნარატივის ნაწილია და თუ თქვენ The Beatles-ის თავგადაკლული თაყვანისმცემელი არ ხართ, ბევრ საინტერესო ამბავს მოისმენთ, მაგალითად იმას, თუ როგორ გაიღვიძა ერთ დღეს პოლმა მომავალი სიმღერის, Yesterday-ის მელოდიით თავში; როგორ არავის სურდა მის გარდა ბას-გიტარისტობა და სხვა.
სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწლია პოლ მაკარტნის შთაბეჭდილებები სხვა მუსიკოსებისა და მათი მუსიკის შესახებ. მეორე სერიაში ის გულწრფელი აღფრთოვანებით ყვება, როგორ უკრავდა The Beatles-ი, ჯერ კიდევ პოპულარობის მოპოვებამდე, ერთ სცნაზე ლიტლ რიჩარდთან ერთად ჰამბურგში.
მეხუთე სერიის დასაწყისში პოლ მაკარტნი რიკ რუბინისთვის თავის პირველ სიმღერას უკრავს: „I Lost My Little Girl“ მან 14 წლისამ დაწერა და სიამაყით ამბობს, რომ მის ამ პირველ კომპოზიციაში უკვე არის კონტრაპუნქტი (რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდიის შეხამება).
მოკლედ, „მაკარტნი 3,2,1“ - ესაა 6-სერიანი სიამოვნება ნამდვილი მუსიკის მოყვარულებისათვის.