10 აგვისტოს ესპანელმა დიზაინერმა ხავიერ ხაენმა Instagram-ზე დაწერა, რომ ამ სოცქსელის ადმინისტრაციამ წაშალა პოსტერი, რომელიც მან ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ფილმისთვის „პარალელური დედები“ შექმნა. პოსტერზე მსხვილი ხედით ჩანს ქალის მკერდის თავი ლაქტაციის დროს.
დიზაინერის თქმით, სოცქსელს უნდა რცხვენოდეს ამ ცენზურის გამო და პოსტერი ხელახლა გამოაქვეყნა.
Instagram-ის ადმინისტრაციამ Associated Press-ს უთხრა, რომ პოსტერის წაშლა „გაუგებრობის“ შედეგია და რომ ვითარების გარკვევის შემდეგ გამოსახულება აღადგინეს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შიშველი ნატურის“ აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გამოსახულებას „მკაფიო მხატვრული კონტექსტი“ აქვს. Instagram-მა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ინციდენტის გამო „ძალიან წუხს“.
ალმადოვარის წარმომადგენლებს ამ ფაქტის შესახებ არაფერი უთქვამთ.
ფილმის „პარალელური დედები“ („Parallel Mothers“) პრემიერა, 1 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე გაიმართება. მასში მთავარ როლს ესპანელი მსახიობი პენელოპე კრუზი ასრულებს.
Associated Press-ის ცნობით, Instagram-სა და Facebook-ზე ძუძუს თავების დემონსტრირების აკრძალვამ უბიძგა საპროტესტო კამპანიას #FreetheNipple - მხატვრები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები შიშველი მკერდის გამოსახულებებს ამ ჰეშთეგით აქვეყნებენ. იმავდროულად, აკრძალვა არ ვრცელდება კაცების შიშველი მკერდის გამოსახულებაზე.