ივნისის ბოლოს, ამერიკაში კვენტინ ტარანტინოს რომანი „ერთხელ ჰოლივუდში“ („Once Upon a Time in Hollywood“) გამოიცა. წიგნი ნაწილობრივ ეფუძნება და კვეთს იმავე სახელწოდების ფილმის სიუჟეტს. ეს რეჟისორის ლიტერატურული დებიუტია, რომელსაც დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. აი რას წერენ კრიტიკოსები:
ჩვეულებრივ, ფილმის მოტივებზე შექმნილი ნებისმიერი რომანი, მისი დამატებაა ხოლმე და მწირია, რადგან აღწერს იმას, რაც მკითხველს ან მაყურებელს უკვე ნანახი აქვს. „ერთხელ ჰოლივუდში“ სხვა შემთხვევაა: ის უფრო მოცულობითი და სავსეა, ზოგიერთ ადგილას კი - რადიკალურად შემოკლებული თავად ავტორის მიერ. სავარაუდოდ, ესაა ექსპერიმენტი და არა უკვე ცნობილ ბრენდზე ხელოვნურად ფულის შოვნის მცდელობა.
მაგალითად, წიგნში არ არის ტარანტინოს თითქმის იმავე სახელწოდების ფილმის ყველაზე მიმზიდველი და ცნობილი ელემენტი. ფილმი „ერთხელ... ჰოლივუდში“ („Once Upon a Time... in Hollywood“) უმრავლესობისათვის იმის შესახებაა, თუ როგორ დაძლია კინემატოგრაფმა რელობა, ხოლო ორმა სიმპათიურმა უიღბლომ - მსახიობმა და მისი მეგობარმა კასკადიორმა, არ მისცეს ჩარლზ მენსონის სექტას შერონ ტეიტის და მისი მეგობრების მოკვლის საშუალება 1969 წლის 9 აგვისტოს. წიგნში ეს ეპიზოდი კულმინაციური არ არის, მეტიც, ის თითქმის საერთოდ არაა რომანში და გაკვრითაა ნახსენები დასაწყისში. არ არის, არც კლიფ ბუტის ეპიკური შერკინება მენსონის კუდებთან მიტოვებულ რანჩოზე.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფილმზე ბევრად არაპოლიტკორექტულია - მასში ღიად ისმის მთავარი გმირების, აშკარა რასისტების, ქალთმოძულეებისა და ფსიქოპათების მოსაზრებები - ის საბოლოოდ აქარწყლებს ტარანტინოს, როგორც „კომიკური ძალადობის“ სპეციალისტის რეპუტაციას. ესაა სევდიანი, აუჩქარებელი რომანი (თუნდაც ნაწილობრივ გამოგონილი), დროის სულისკვეთების შესახებ.
„ერთხელ ჰოლივუდში“ - ტანარანტინოს თაყვანისმცემლებისათვის ნამდვილი საჩუქარია, ფასდაუდებელი არტეფაქტი, რომელიც საყვარელი რეჟისორის თავში ჩახედვისა და მისი მეთოდების შიგნიდან დანახვის საშუალებაა. ეს წიგნი - ტარანტინოსეული კინოს მთელი ფილოსოფიაა, შესანიშნავი და მოულოდნელად ოპტიმისტური დასასრულით. და თუკი ოდესმე მას იმავე თემაზე თეორიული წიგნის დაწერა მოუნდება, საეჭვოა, მას ამაზე უკეთ გაუმკლავდეს.