ჯეიმს ბონდის თავგადასავლების შესახებ ახალი ფილმის „No Time To Die“ მსოფლიო პრემიერა 28 სექტემბერს, ლონდონის ალბერტ-ჰოლში გაიმართება.
ფილმის პროდუსერები არიან მაიკლ უილსონი და ბარბარა ბროკოლი, რეჟისორი - კერი ჯოჯი ფუკუნაგა. ბონდის როლს დენიელ კრეიგი ასრულებს. მთელი ეს შემადგენლობა პრემიერის დღეს, წითელ ხალიჩაზე გაივლის.
კინოთეატრებში ფილმი 30 სექტემბერს გავა.
თავდაპირველად ფილმი 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიის გამო თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, რის გამოც ბონდიანის ფანები ფილმის ციფრულ ფორმატში გაშვებას ითხოვდნენ.
„No Time To Die“ („სიკვდილის დრო არ არის“) ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული 25-ე ფილმია. დენიელ კრეიგმა მასში აგენტის როლი უკანასკნელად შეასრულა.
ჟურნალ Variety-ის ცნობით, კრეიგი წელს ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. გამოცემის ცნობით, მან 100 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავა ფილმის „Knives Out“ (2019) ორ გაგრძელებაში მონაწილეობისათვის.
ორივე ფილმის ჩვენების უფლება Netflix-მა იყიდა. სტრიმინგულმა სერვისმა აუნაზღაურა კრეიგს ჰონორარი, რომელსაც ის მიიღებდა გაგრძელების მხოლოდ კინოთეატრებში ჩვენების შემთხვევაში.