„ნასდაკი" მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!" - ტაიმს სკვერზე განთავსებული ამ წარწერით და საქართველოს დროშის ბანერით დახვდა ნიუ იორკში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა.
გაეროს ასამბლეის კვირეულის პარალელურად, ამერიკის საფონდო ბირჟამ რამდენიმე საერთაშორისო ლიდერს უმასპინძლა, თუმცა როგორც "ნასდაკის" ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ნაითმა თქვა, არც ერთი სტუმარი არ ყოფილა ისეთი საპატიო, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი: „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციის ისტორიაში, არასოდეს გვიმასპინძლია თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის უფრო დიდი ადვოკატისთვის, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილია. ის ისტორიული ლიდერია."
პრეზიდენტის წარდგენისას ნაითმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და წარმატებებზე ისაუბრა. რეფორმებზე არანაკლები ყურადღება ნაითმა სააკაშვილის ნიუ იორკულ ცხოვრებაზე გაამახვილა: „ის არ არის უცხო ნიუ იორკში. მან აქ დიდი დრო გაატარა, სწავლობდა "კოლუმბიაში" და აქვე იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. ზოგი მასში მხოლოდ კორპორაციულ იურისტს დაინახავდა, ჩემთვის კი ის ბევრად მეტია".
ნაითმა პრეზიდენტზე საუბარი იმ ციტატით დაასრულა, რომლითაც ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკეინმა პრეზიდენტი სააკაშვილი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენისას დაახასიათეს: „ის დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობის, პიროვნული თავისუფლებებისა და სამოქალაქო უფლებების ერთგულია. მისი ძალისხმევით საქართველო ახალ საზოგადოებას აშენებს, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დამყარებული," - განაცხადა საქართველოს დროშის ფონზე და კამერების წინ "ნასდაკის" ვიცე-პრეზიდენტმა.
ნაითის ამ დახასიათებას დაუმსახურებელი უწოდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თქვა, რომ ასეთი მოულოდნელი წარდგენის გამო "გაწითლდა" კიდეც. საფონდო ბირჟაში გამოსვლისას მანაც "საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე" და ტურიზმზე ისაუბრა: „იცით, საქართველო კალიფორნიას ჰგავს და ის ამერიკელებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ნიუ იორკში ვსწავლობდი".
ნიუ იორკულ ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე პრეზიდენტმა ამავე შტატის უნივერსიტეტშიც ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რა არის საქართველოს პრეზიდენტის პირადი მიღწევა, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: "ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი", და დასძინა, რომ ყველა დანარჩენი წარმატება და მიღწევა, რაც საქართველოს ჰქონდა, ქართველი ხალხისა და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურებაა.
ოფიციალურ ვიზიტებსა და სიტყვით გამოსვლების გარდა, პრეზიდენტი ნიუ იორკის „ფოქსის" სატელევიზიო შოუს „შენი მსოფლიოს" სტუმარიც იყო.
სააკაშვილმა გადაცემის წამყვან ნეილ კავუტოსთან რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ოპერაციებში და რუსეთთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი საქართველოს წარსულზე.
„მე მახსოვს სიღარიბის პროგრამები, დიდი თანხა მოდიოდა ჩემი წინამორბედი მთავრობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი შავი ხვრელი იყო. მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხებით ვილებს იშენებდნენ, განათლებისთვის გამოყოფილი თანხით კი თავიანთ შვილებს უშვებდნენ უცხოეთში სასწავლებლად. მე ამერიკაში ამერიკული სტიპენდიით ჩამოვედი, მე ნიუ იორკის გარეუბანში ვცხოვრობდი, ისინი კარგ ბინებში ცხოვრობდნენ."
კავუტო: "როგორ, საქართველოს მომავალი პრეზიდნეტი გარეუბანში ცხოვრობდა?"
სააკაშვილი: "კი, და ძალიანაც მომწონდა."
კავუტო: "სად დადიოდით გასართობად?"
სააკაშვილი: "ყველგან. მე თითქმის ნიუ იორკელი ვარ. როცა ნიუ ორკში ვბრუნდები, თავი ნიუ იორკელი მგონია."