რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებისთვის მიძღვნილ მიუნჰენის ყოველწლიურ კონფერენციაზე არ წავა. 2011 წლის თებერვალში დაგეგმილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი მის ოფიციალურ თავჯმდომარეს - ვოლფგანგ იშინგერს ჰყავდა მიწვეული.
რუსულ გამოცემა „კომერსანტთან" კი დიპლომატიური წყაროები სხვა მიზეზებზე საუბრობენ: როგორც ცნობილია, ფორუმის ძირითადი თემა კავკასიაში არსებული სიტუაცია იქნება და სტუმრებს შორის საქართველოს პრეზიდენტიც უნდა იყოს.
ამის გამო, მედვედევი ორი დღის წინ, მიუნჰენისთვის მომზადებული სიტყვით საგარეო პოლიტიკის შესახებ, კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოსკოვში წარსდგა. ეს გამოსვლა ძირეულად განსხვავდებოდა სამი წლის წინ მიუნჰენის ფორუმზე გამოსული პუტინის სიტყვებისაგან.
მედვედევი გამოსვლისას მოუწოდებდა, დაიმსხვრეს სტერეოტიპები ნატო-ს აგრესიულობისა და რუსეთში შეუძლებელი დემოკრატიის შესახებ. ამავე სიტყვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის დამოკიდებულება ევროპის მიმართ იცვლება და ქვეყნის „საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ვექტორი" ახლა ევროატლანტიკური მიმართულებაა.
თავის დროზე ყველას დაამახსოვრდა, 2007 წელს, პუტინის მიუნჰენში გამოსვლა, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ჯერ აშშ, იმისათვის, რომ ისინი მთელს მსოფლიოს ახვევენ თავს თავიანთ სურვილებს და რუსეთს კი დემოკრატიას ასწავლიან. შემდეგ კი პუტინისგან ნატო-საც „მოხვდა".
მიუნჰენის კონფერენცია, დიდი ხანია იქცა ტრიბუნად სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და დიპლომატი მაღალჩინოსნებისათვის, რომლებიც ამ ადგილას უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობენ.
რუსეთი და დასავლეთი საჯაროდ სწორედ მიუნჰენში არკვევენ დროდადრო ურთიერთობებს.