რესტორნის დიდი ფანჯრიდან ჰორიზონტზე გაჭიმული კარიბის ლურჯი ზღვა და ნაპირთან შორიახლოს მიმოფანტული თეთრი იახტები ჩანს. ანტილიის კუნძულების მთავარი ქალაქის ამ მდიდრულ რესტორანში, Bank Credit Lyonnais-ის ოფიცერი ამერიკელ კლიენტს ესაუბრება. კლიენტს სურს, ექვსნიშნა თანხა "მშვიდად" შეიტანოს აშშ-ში. მას ფრანგული ბანკის დახმარება სჭირდება.
მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი რესპექტაბელური ბანკის იმიჯი არ შელახოს, ოფიცერი კლიენტს ეკითხება - იმედია, ეს ფული "ჭუჭყიანი" არ არის, ასეა? კლიენტი არწმუნებს, რომ თანხა აბსოლუტურად სუფთაა. ბანკირი ოფიციანტს კიდევ ერთი ტონიკის მოტანას სთხოვს და კლიენტს უღიმის - თუ ასეა, შეგვიძლია "ჰოლანდიური სენდვიჩი" შევუკვეთოთ.
"ჰოლანდიური სენდვიჩი" არა სარესტორნო მენიუს, არამედ საბანკო მაქინაციების აბსოლუტურად ლეგალური ნაწილია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ კომპანიას და ბიზნესმენს შეუძლია, კვალი აურიოს საგადასახადო ინსპექციას და ბიზნესი ისე აკეთოს, რომ საქმიდან სუფთა მოგება დარჩეს.
მთავარ როლს ამ პროცესში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ე.წ. ნომინალური კომპანია ასრულებს. ის მხოლოდ ფასადია, მისი სახელით კი უჩინრად მოქმედებს ბიზნესის ნამდვილი მფლობელი.
ეს თითქმის სტანდარტული ფინანსური სქემა, გადასახადების თავიდან არიდების მიზნით, გამოუყენებიათ ისეთ მსხვილ და რესპექტაბელურ კომპანიებს, როგორიცაა Google და Microsoft.
"ოფშორი უჩინმაჩინების სამოთხეა," - აღნიშნავს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.
თბილისის ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოთხოვნა ოფშორული ზონიდან ბიზნესის მართვაზე საქართველოშიც გაიზარდა. ბოლო დროს, მისმა ფირმამ ათობით ასეთი კომპანია დაარეგისტრირა.
უჩინმაჩინის ქუდით მოქმედი კომპანიების ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა 2007 წლის ნოემბერში გაყიდული "თბილისის წყალია". სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანია, რომელიც თბილისელებს სასმელი წყლით ამარაგებს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ "მალტიპლექს ენერჯი ლიმითიდს" პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მიჰყიდეს. განკარგულებას ხელი სააკაშვილმა 25 ნოემბერს, პოსტიდან გადადგომამდე ორი დღით ადრე მოაწერა. უცნობ კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობა არ გააჩნია, შეღავათიან ფასში ასევე გადაეცა "რუსთავწყალკანალი", "საქწყალკანალი" და "მცხეთაწყალკანალიც".
მეორე გახმაურებული მაგალითი "საქართველოს ლატარიის კომპანიაა". ეს კომპანია, რომელსაც ლატარიის ბიზნესის ერთპიროვნული მართვის უფლება მიეცა, ტენდერში გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე შეიქმნა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი შპს "ლექსორ კაპიტალ კორპია". "ლექსორ კაპიტალ კორპის" მისამართის ძიებას კი პუერტო რიკოდან აღმოსავლეთით, კარიბის ზღვაში, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე მივყავართ.
კვალი აქ წყდება. ამაზე მეტის გაგება იმ კომპანიის შესახებ, რომელიც 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ლატარიის მონოპოლისტურ ბაზარზე 4.2 მილიარდი დოლარის ამოღებას გეგმავს, შეუძლებელია.
ორივე კომპანიის კონკურენტები მიიჩნევენ, რომ ოფშორში დარეგისტრირებული ამ ფირმების ნამდვილი მფლობელები ხელისუფლების გავლენიანი წევრები და მათი მეგობრები არიან. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ როგორც წესი, გასაიდუმლოებული წარმომავლობის ამ კომპანიებს მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო სასათბურე პირობები ექმნებათ. "თბილისის წყალს" შეუმცირდა ტენდერში დაფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები, "ლატარიის კომპანიის" მონოპოლიური სტატუსი კი საკანონმდებლო ბაზით გამყარდა.
კონფიდენციალობის სრული დაცვა და გადასახადებისგან გათავისუფლება ის ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ბიზნესმენები კომპანიების დასაარსებლად კამკამა ოკეანის წყლით, ტროპიკული კლიმატითა და ეგზოტიკური ბუნებით განთქმულ კუნძულებს ირჩევენ.
გადასახადების თავიდან არიდებას ადამიანები იმ მომენტიდან ცდილობენ, რაც გადასახადები დაუწესეს. ბედნიერებას, რასაც ბიზნესმენებს ოფშორული ფინანსური ცენტრები ანიჭებთ, ყველაზე უკეთ ეს ტერმინი გამოხატავს - "საგადასახადო სამოთხე". ოფშორი სწორედ საგადასახადო სამოთხის ნაირსახეობაა.
ინგლისური სიტყვა - Offshore - მატერიკისგან მოშორებულ, ოკეანეში ჩაკარგულ ადგილს აღნიშნავს. თუმცა ბოლო 20 წელია, ერთი დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. ოფშორი, ძირითადად, მცირე საგადასახადო ტარიფების მქონე "ქვეყანაა", სადაც დღე ისე არ გავა, რომ მინიმუმ 100 მილიონ დოლარიანი საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელდეს.
ამიტომ უკვე წლებია, კუნძულებზე - ვანუატუ, ნაურუ, ბელიზი, ბერმუდა, ვირჯინიის კუნძულები და სეიშელი, ადამიანებმა ქოქოსის მოყვანასა და თინუსის დაჭერას თავი დაანებეს და მძიმე საგადასახადო წნეხით შეწუხებულ ბიზნესმენებს "საგადასახადო სამოთხე" შეუქმნეს.
ოფშორული ფინანსური ცენტრი - ეს ბიზნესის წარმოების ყველაზე გაიოლებული თანამედროვე ფორმაა და აბსოლუტურად ლეგალურიც. მისი დამცველები ამბობენ, რომ ოფშორული ზონების არსებობა ფულის მიმოქცევის, ბიზნესის თავისუფლებისთვის აუცილებელი პირობაცაა. თუმცა სწორედ ამ უპრეცედენტო თავისუფლებას ხშირად ბიზნესმენები არცთუ ლეგალური საქმიანობისთვის იყენებენ, მათ შორისაა, ფულის გათეთრება, ნარკობიზნესი, ტრეფიკინგი.
ოფშორული თავისუფლება საქართველოში ყველაზე მეტად სატელევიზიო ბაზარზე გახდა საგრძნობი. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ცენტრალური ტელეარხების მფლობელებმა, ერთი მეორის მიყოლებით, დაიწყეს საკუთარი წილების გაყიდვა-გადაფორმება. ახალი მფლობელი თითქმის ყველა შემთხვევაში უცნობი რჩებოდა.
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ბოლო რეალური მფლობელი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მეგობარი, ქიბარ ხალვაში იყო. ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერისთანავე მის პროტეჟეს, როგორც თავად ამბობს, ტელეკომპანია ჩამოართვეს. 2007 წლიდან "რუსთავი-2"-ის საკონტროლო პაკეტის რეალური მფლობელის ვინაობა გასაიდუმლოებულია.
2007 წელს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი დოკუმენტების წყალობით, მხოლოდ ნახევარი სიმართლის "გახსნა" მოხერხდა. გაირკვა, რომ 45 პროცენტიან წილს "რუსთავი-2"-სა და "მზეში" "ჯორჯიან ინდუსტრიალ გრუფი" (GIG) ფლობდა, რომლის დამფუძნებელიც იმდროინდელი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი იყო. დარჩენილი წილი კი ეკუთვნოდა "ჯეომედია გრუპს", რომელიც ავსტრალიასა და ჰავაის შორის მდებარე მარშალის არქიპელაგურ კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული.
სწორედ ოფშორული მისამართის გამო, ინტერნეტ-საძიებო სისტემაში "ჯეომედია გრუპი" არ იძებნება. არსებობს სან ანტონიოში დარეგისტრირებული "ჯეომედია", რომელიც სამგანზომილებიან ანიმაციას აკეთებს, არსებობს კანადური კომპანია, რომელიც რთულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს, მაგრამ არ არსებობს "ჯეომედია", რომელიც 2008 წლამდე "რუსთავი-2"-ის მფლობელი იყო.
2007 წელს, მფლობელების შესახებ დოკუმენტაციის გამოქვეყნებისას, ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი არველაძემ აღნიშნა, რომ კომპანიებს მოეთხოვებათ მფლობელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა, მაგრამ დეტალების დადგენა კომისიის კომპეტენციას სცდება.
თუმცა, კომისიას მსგავსი ინფორმაციის გაცემა "რუსთავი-2"-ისგან რომც მოეთხოვა, ვერაფერს მიაღწევდა. "ჯეომედია გრუპსაც" და ამ ტელეკომპანიის ახლანდელ მფლობელს, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია "დეგსონ ლიმითიდსაც" ოფშორული კანონმდებლობა იცავს.
გიორგი ისაკაძე აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიები ოფშორულ ზონას მძიმე საგადასახადო წნეხის გამო, წესით, არ უნდა მიმართავდნენ, რადგან გადასახადები საქართველოში არცთუ ისე მაღალია. ამიტომ ის ვარაუდობს: "საქართველოს შემთხვევაში ოფშორში წასვლის მიზეზი შეიძლება ბიზნესში მონაწილეობის დაფარვის მცდელობა იყოს. ისედაც ცნობილია, რომ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელების დიდი ნაწილი ცდილობს, ამა თუ იმ ბიზნესში თანამონაწილეობა დაფაროს. ამის მიზეზი ზოგჯერ ის პრობლემებია, რაც საკუთარ ან რომელიმე უცხო ქვეყნის მთავრობასთან ექმნებათ, ან უბრალოდ - ანონიმურობის შენარჩუნების სურვილი".
სავარაუდოა, რომ იგივე სურვილი ამოძრავებს კიდევ ერთი ქართული ტელეკომპანიის, "საქართველოს" რეალურ მფლობელს. "საქართველო" სრულიად ღიად და ოფიციალურად თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და მისი ეთერის უდიდეს დროს სწორედ თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადებული სამხედრო თემატიკის პროგრამები ავსებს. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამ ტელეკომპანიის მფლობელად კომპანია Denal Union-ი სახელდება. Denal Unionნ-ის შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს სამეწარმეო რეესტრში იძებნება (სადაც ინახება ინფორმაცია ყველა იმ წვრილ თუ მსხვილ ფირმაზე, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული) და არც Google-ის საძიებო სისტემაში. Denal Union-ის ნაცვლად Google-ი Denal Union-ის საქმიანობის გაცნობას გვთავაზობს.
"გამჭვირვალობის პრობლემა თავს იჩენს სწორედ მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ მფლობელი ოფშორული კომპანიაა. ამისი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოფშორული კომპანიის შესახებ ვერაფერს შევიტყობთ, თუ მას საქართველოში არ აქვს ფილიალი. ფილიალის დაფუძნების ვალდებულება კი ამ შემთხვევაში არ არსებობს", - განმარტავს იურისტი თამარ გურჩიანი ჟურნალ "ლიბერალში" გამოქვეყნებულ თვალსაზრისში.
"ელექტრონული მედია კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში, სადაც სატელევიზიო სივრცე უკიდურესად პოლარიზებული და ანგაჟირებულია. მფლობელების გამჭვირვალობა ზოგადად მედია-პლურალიზმის დასამკვიდრებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა, საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება მედია კომპანიების მფლობელებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვება", - წერია ევროსაბჭოს 2009 წლის ანაგრიშში.
Fრეედომ Hოუსე-ის ყოველწლიურ მოხსენებებშიც, ქართული ელექტრონული მედიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტელევიზიების მფლობელების გაუმჭვირვალობა სახელდება.
სწორედ ამ მზარდი კრიტიკის ფონზე, "ღია საზოგადოება - საქართველომ" წელს სპეციალური გრანტით დააფინანსა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფი, რათა მათ ტელევიზიების მფლობელთა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა მოემზადებინათ. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ერთად პროექტზე იურისტი, მედიამკველვარი და ჟურნალისტები მუშაობდნენ. მათი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზად არის. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიაკომპანიების მფლობელების გამოვლენას ეხება.
"საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა წყაროებიდან მიღებული ფულით ფინანსდებიან ნაციონალური მაუწყებლები. ოფშორულ კომპანიებში კი, საერთოდ, შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება თანხის მოძრაობის შესახებ. არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ ბიზნესში, რომელიც ოფშორული ზონიდან იმართება, ფული ნარკობიზნესიდან ანდა ტრეფიკინგიდან შედიოდეს", - აცხადებს ხმალაძე.
მისი თქმით, პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ კანონში უბრალოდ ჩაიწერება, რომ გამჭვირვალე უნდა გახდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მეწილის ვინაობა. ამ შემთხვევაში, ერთადერთი პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ გავიგოთ, ვინ არის თუნდაც "დეგსონ ლიმითიდის" მმართველი. თუმცა, ის ამ კომპანიის მხოლოდ ნომინალური მესაკუთრეა, რომელიც სინამდვილეში არაფერს წყვეტს. კომპანიის ნამდვილი დამფუძნებელი, ოფშორის კანონების თანახმად, მკაცრად გასაიდუმლოებული რჩება. "ამიტომ ოფშორი მედიაში უბრალოდ უნდა აიკრძალოს, რადგან ეს არის უზარმაზარი ხვრელი".
ოფშორული ზონების მკაცრად რეგულირება უტოპიურად მიაჩნია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს. მისი თქმით, ოფშორული ზონების სრულად აკრძალვა საფრთხეს უქმნის "თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის" შესაძლებლობას.
ხელისუფლება ასეთი მკაცრი რეგულაციის საკითხს არ განიხილავს. ერთადერთი, რითაც ის რესპექტაბელური საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკას პასუხობს, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაცხადებული ინიციატივაა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მედიის მფლობელთა გამჭვირვალობაზე ზრუნვა აუცილებელია და მომდევნო ორ კვირაში უკვე მზად იქნება განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საშუალებითაც მედიის მფლობელთა ვინაობა სრულიად ღია და ხელმისაწვდომი გახდება. "ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მედია დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისკენ", - თქვა ბაქრაძემ.
როგორც უკვე ცნობილია, რეგულაცია მხოლოდ მედია კომპანიების მფლობელებს შეეხებათ და არ გავრცელდება მთელ ბიზნეს სექტორზე.
მედია ბაზარზე არსებული გაუმჭვირვალობა მრავალი პრობლემის სათავეა. მოტივაცია კი, რაც ტელევიზიების მფლობელი კომპანიების ოფშორში დარეგისტრირებას იწვევს, ბიზნესის ნებისმიერ სექტორში შეიძლება არსებობდეს. ბრალდება, რომ ნაციონალური ტელეარხები ოფშორულ კომპანიებს ამოფარებულ ჩინოვნიკებს ეკუთვნით, მედიაბაზრის საზღვრებს სცდება. ხელისუფლებასთან ასეთივე კავშირი იმ გარიგებებშიც იკვეთება, სადაც ტენდერებს ერთი თვით ადრე ოფშორში დაფუძნებული კომპანიები იგებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, მედია მფლობელების გამჭვირვალობა გაზარდოს, თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა, საეჭვოა, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების საქმიანობის რეგულირება ტენდენციად იქცეს. თუ ხელისუფლება მართლაც დგას ქართულ ბიზნესში შემოსული ოფშორული კომპანიების უკან, მას სასიცოცხლოდ სჭირდება ის, რასაც მას "საგადასახადო სამოთხე" სთავაზობს - თავისუფლება და ანონიმურობის სრული გარანტია.