ონლაინ შოპინგი მოსახერხებელი და ეკონომიურია, თუმცა თუ კი ინტერნეტით ჯერ არაფერი გიყიდიათ და გარისკვის გეშინიათ, გაითვალისწინეთ ის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ონლაინ შოპინგის პროცესს მომგებიანს გახდის და რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს.
ონლაინ მაღაზია
-
ინტერნეტში ჩვეულებრივთან შედარებით დიდი შანსია, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. თუ კი ფასები არარეალურად დაბალი გეჩვენებათ შესაძლებელია ხაფანგი იყოს.
-
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ინტერნეტ მაღაზიის საიმედოობაში გადახედეთ მის რეიტინგს საძიებო სისტემებში. ინტერნეტ-მაღაზიას საკონტაქტო ინფორმაცია დაწვრილებით უნდა ჰქონდეს მითითებული.
-
კარგად გაეცანით საგარანტიო პირობებს და მაღაზიის ვალდებულებებს. თუ შენაძენს თქვენთვის უცნობ ინტერნეტ მაღაზიაში აკეთებთ, საცდელად რაიმე ნაკლებად ღირებული შეუკვეთეთ. წარუმატებლობის შემთხვევაში გული ნაკლებად დაგწყდებათ.
პლასტიკური ბარათი
-
ონლაინ გადახდები თაღლითების ერთ-ერთი საყვარელი მახეა. თავი აარიდეთ სახელფასო ბარათით გადახდას, ამ ხერხით ფულად ანგარიშებს უკეთ დაიცავთ.
-
ინტერნეტ გადახდებისთვის ცალკე პლასტიკური ბარათი იქონიეთ და ფული მასზე შენაძენის გაკეთებამდე გადაიტანეთ.
სასურველი ნივთი
-
ინტერნეტ მაღაზიას ზოგჯერ ზუსტად არ აქვს მითითებული ის თანხა, რომელიც სასურველი ნივთის მისაღებადაა საჭირო. შესაძლოა შეუკვეთოთ რაიმე და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია ან ჩამოტანა ნივთზე ძვირი ჯდება. ისეც ხდება, რომ შეიძლება შეუკვეთოთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მაღაზიას იგი უკვე აღარ აქვს.
-
შეკვეთამდე დეტალური კითხვები მისწერეთ მაღაზიას, რა არის გათვალისწინებული ღირებულებაში, არის თუ არა ნივთი საცავში და მოქმედებს თუ არა ადგილზე მიტანის სერვისი.
ფასები
-
სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში შესაძლოა ერთი და იგივე პროდუქცია სხვადასხვა ფასი ღირდეს. შეიძლება შეუკვეთოთ სასურველი ნივთი და მეორე დღეს აღმოაჩინოთ, რომ სხვაგან იგი გაცილებით იაფი ღირს.
-
ზედმეტად დახარჯულ ფულზე გული რომ არ დაგწყდეთ, შეკვეთას ნუ იჩქარებთ. შეადარეთ მისი ფასი სხვა ინტერნეტ-მაღაზიების ფასებთან. დაიხმარეთ Google, ძიებაში ნივთის სახელწოდება ჩაწერეთ და დარწმუნდით, რომ სასურველ ნივთს ყველაზე იაფად ყიდულობთ.
კომპიუტერი
-
ერთ დღესაც შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ რომელიმე ინტერნეტ-მაღაზიაში თქვენი სახელით შეკვეთებს ვიღაც სხვა აკეთებს. მიზეზი მარტივია: შეძენისას იმ კომპიუტერით ისარგებლეთ, რომელთანაც „ყველა" ჯდება და უსაფრთხოების მარტივი წესების დაცვაც დაგავიწყდათ.
-
თავი უფრო უსაფრთხოთ რომ იგრძნოთ, შეკვეთა საკუთარი კომპიუტერიდან გააფორმეთ. ონლაინ-შოპინგისთვის ნუ გამოიყენებთ იმ კომპიუტერებს, რომლებზეც სხვა ადამიანებს ხელი თავისუფლად მიუწვდებათ. თუმცა ინტერნეტ-მაღაზიებზე დარეგისტრირების ნუ შეგეშინდებათ. ეს არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.
ფასდაკლებები
-
რაღაც ძალიან მოგწონთ, მაგრამ ძვირი ღირს? წარმოიდგინეთ, ერთ დღეს აღმოაჩინეთ, რომ თქვენი საოცნებო ნივთი ცოტა ხნის წინ თითქმის ნახევარ ფასად გაიყიდა, თქვენ კი ამის შესახებ უბრალოდ გვიან გაიგეთ...
-
თვალი მიადევნეთ აქციებსა და ფასდაკლებებს ონლაინ მაღაზიებში. გამოიწერეთ e-mail გზავნილები სიახლეებზე და თითოეული მათგანი ყურადღებით წაიკითხეთ. თუ ონლაინ-მაღაზიაში დარეგისტრირებული იქნებით, ადმინისტრაცია თავად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი საქონლის, სხვადასხვა აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ.
გადამზიდავი კომპანიები
-
თუ ონლაინ შოპინგის დაწყებას გეგმავთ, გადამზიდავი კომპანია აუცილებლად დაგჭირდებათ. საქართველოში რამდენიმე გადამზიდავი კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა განსხვავებული პირობებითა და გარანტიებით.
-
ვებ-გვერდზე კარგად გაეცანით გადამზიდავების პირობებს, ვალდებულებებს, ტარიფებს, თრექინგ სისტემასა და გარანტიებს. მიღებისას ამანათი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი ადგილზე გაარკვიოთ. გაეცანით მომხმარებლების შთაბეჭდილებებს ინტერნეტ-ფორუმებზეც. გადამზიდავი კომპანიების შესახებ მათგან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ.
ონლაინ შოპინგი ძალიან აზარტული პროცესია. ადამიანები არც თუ იშვიათად ავადდებიან მისი სენით, ამიტომ დაიცავით ზომიერება და ხანდახან მაინც აკონტროლეთ საკუთარი საფულე.